ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე საქართველოს გამოსვლა ორიგინალურად შეაფასა #1TVSPORT
ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე საქართველოს გამოსვლა ორიგინალურად შეაფასა #1TVSPORT

მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. გუნდებმა ორ-ორი მატჩი გამართეს. ფიბა-ს ოფიციალურმა საიტმა ორიგინალურად, „ფეისბუქის“ ემოჯებით შეაფასა შესარჩევის სტარტზე გუნდების გამოსვლა.

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში ესპანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და უკრაინასთან თამაშობს. მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გავა.

 

ესპანეთი

ესპანელთა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ თქვა – ესპანელები მსოფლიო ჩემპიონები არიან, თუმცა ტიტულის დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი ახალი გუნდის შენება არისო.

ესპანეთის ნაკრებმა ორი მატჩი ჯამში +57-ქულიანი სხვაობით მოიგო… მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დამცველს ჰგავს.

 

საქართველო

ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მატჩის შემდეგ პირდაპირ თბილისში გაფრინდა და მეორე დღეს საქართველოს უკრაინასთან მოაგებინა. მეორე შეხვედრაში მონაწილეობა ვეღარ მიიღო (ტრავმა). ცხოვრებაში ყველაფერი ისე გიყვარდეთ, როგორც შენგელიას – საქართველო.

 

უკრაინა

უკეთესი სახე ვერ გექნება, როცა აცნობიერებ, რომ მომდევნო ფანჯარაში ორივე მატჩი ესპანეთთან გელის.

 

ჩრდილოეთ მაკედონია

მაკედონიელებმა ორი შეხვედრა წააგეს, თუმცა მათი მზე იმედით ანათებს – 17 წლის ტეოდორ შიმიჩმა 18 წუთში 16 ქულა ჩააგდო, თანაც ესპანეთთან მატჩში, – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა, ესპანეთთან – 61:89 დათმო. მომდევნო მატჩები თებერვალში ელის – 24-ში თბილისში, 27-ში სკოპიეში. ორივე ჩრდილოეთ მაკედონიასთან.