ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტი ესპანელი ხორხე გარბახოსა გახდა #1TVSPORT
ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტი ესპანელი ხორხე გარბახოსა გახდა #1TVSPORT

ხორხე გარბახოსა ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტია. ესპანეთის შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩიეს. მან შეცვალა თურგაი დემირელი, რომელიც ფიბა ევროპას 2 ვადით – 2014-2019 და 2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის ასამბლეას კონტინენტის კალათბურთის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. საქართველოდან ასამბლეაზე იმყოფებოდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივანი დავით საყვარელიძე და მისი მოადგილე ლაშა გამყრელიძე. ფიბა ევროპის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა: გარბახოსას კონკურენტობას ჟან-პიერ სიუტა უწევდა, თუმცა 50 ფედერაციიდან 35-მა მხარი ესპანელს დაუჭირა.

არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც გარბახოსასთან ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებს და მას მოედანზეც არაერთხელ შეხვედრია, ფიბა ევროპის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. გასული წლის სექტემბერში გარბახოსა თბილისში იმყოფებოდა – ის ევრობასკეტის მომავალი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ თურგაი დემირელს. თქვენ იყავით თქვენი გუნდის საბჭოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, თქვენ იყავით ჩემთვის შთაგონების წყარო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ფედერაციას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, ერთად ვიმუშაოთ, რადგან ასე უფრო ძლიერები ვართ. ვიბრძოლებ და ვიმუშავებ ევროპაში კალათბურთის განვითარებისთვის”, – განაცხადა გარბახოსამ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ასამბლეამ აირჩია ფიბა ევროპის აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) 23 წევრი, რომელთაგან 16 წინა საბჭოშიც შედიოდა, ხოლო შვიდი ახალი წევრია. აირჩიეს, ასევე, ფიბა ევროპის ახალი ხაზინადარი – ეს პოსტი პოლონელმა გრეგორ ბაჩინსკიმ დაიკავა, რომელმაც ავსტრიელ ჰერალდ მარტენსს აჯობა.

gbf.ge