ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება
ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადადოს.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ. ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპული კლუბების ასოციაციის გამგეობის, ევროპული ლიგებისა და FIFPro-ს (მოთამაშეთა კავშირის) წარმომადგენლები. მათ არსებული ვითარება განიხილეს და იმსჯელეს, როდის გამართულიყო ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირები.

12 მარტს, ახალი კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ელიტრაუნდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაედო.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2021 წელს შედგება. უეფა საიუბილეო ჩემპიონატს ან მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავს ან ევროპის ჩემპიონატის დაწყება მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდება.

ევრო 2020-ის გადადების მოთხოვნით უეფას იტალიისა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებმა მიმართეს. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ევრო 2020-ის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, კოპენჰაგენში უეფა-მ სასტუმროების ჯავშანი უკვე გააუქმა.