ფეტელმა ბელგიის გრან პრი მოიგო და ალენ პროსტს დაეწია
ფეტელმა ბელგიის გრან პრი მოიგო და ალენ პროსტს დაეწია

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ფერარის“ ლიდერმა სებასტიან ფეტელმა მოიგო ბელგიის გრან პრი, რითაც სეზონში მეხუთე და კარიერაში 52-ე გამარჯვება მოიპოვა.

გერმანელმა მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ Kemmel-ის სწორ მონაკვეთზე სლიპ სტრიმის ხარჯზე გაუსწრო პოულის მფლობელს, „მერსედესის“ პილოტ ლუის ჰემილტონს. სწორედ ეს გასწრება გახდა განმსაზღვრელი გამარჯვებისთვის ბრძოლაში, რადგან ჩემპიონატის ლიდერი ჩამორჩა ფეტელს და მეხუთე წრეზე რესტარტის დროსაც ვერაფერი მოუხერხა ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს.

ფეტელი თანდათან ზრდიდა უპირატესობას და ფინიშზე ბრიტანელს მთელი 11 წამით აჯობა. სებასტიანისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება ბელგიაში 2013 წლის შემდეგ. ამით მან 17 ქულამდე შეამცირა ჰემილტონთან ჩამორჩენა საერთო ჩათვლაში. კარიერაში 52-ე გამარჯვებით, მან საერთო ცხრილში გაუსწრო ლეგენდარულ ფრანგს, ალენ პროსტს და მხოლოდ ორ პილოტს – თანამემამულე მიხაელ შუმახერსა და ჰემილტონს ჩამორჩება.

მესამე ადგილზე გავიდა ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი, რომელმაც სერხიო პერესისა და ესტებან ოკონის გასწრების შემდეგ, თითქმის უბრძოლველად ჩაატარა მთელი რბოლა და დაიმსახურა ადგილი პოდიუმზე. ჰოლანდიელმა გამარჯვებულთან ნახევარი წუთი წააგო და ამდენივეთი აჯობა ვალტერი ბოტასს, რომელიც ბოლო ადგილიდან სტარტის შემდეგ, მეოთხე მივიდა ფინიშთან.

ეტაპი საშინელი ავარიით აღინიშნა – ნიკო ჰიულკენბერგი უკნიდან დაეჯახა ფერნანდო ალონსოს. ესპანელის „მაკლარენი“ გადააფრინდა შარლ ლეკლერის „ზაუბერს“. შედეგად, სამივე პილოტი გამოეთიშა ბრძოლას.

შემდეგი რბოლა – იტალიის გრან პრი ერთ კვირაში, ლეგენდარულ „მონცაზე“ გაიმართება.