ფერსტაპენმა „დიდი სლემით“ მოიგო ესპანეთის გრანპრი #1TVSPORT
ფერსტაპენმა „დიდი სლემით“ მოიგო ესპანეთის გრანპრი #1TVSPORT

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის გრანპრიზე. ეს მისთვის მეხუთე მოგება იყო სეზონში და მე-40 კარიერაში.

„რედ ბულის“ პილოტი მთელი უქმეების განმავლობაში დომინირებდა ბარსელონაში. ნიდერლანდელმა ყველა თავისუფალი პრაქტიკა და კვალიფიკაცია მოიგო, რბოლისას კი სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა და წრეზე საუკეთესო დროც მან მიითვალა. ამით მაქსმა კარიერაში მესამე „დიდი სლემი“ დააფიქსირა.

საერთო ჯამში, რბოლამ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, მით უმეტეს, რომ წვიმა, რომლის ალბათობაც 40 პროცენტი იყო, არ წამოვიდა. არ ყოფილა ავარიები და გავარდნები, რამაც ფერსტაპენის დომინირებას შეუწყო ხელი, რომელმაც, საბოლოოდ, უახლოეს მდევარს 24 წამი მოუგო.

რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც გაიმეორა 2023 წლის სეზონის საუკეთესო შედეგი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა პიტსტოპების პირველი სერიისას აჯობა კარლოს საინსს, ფინიშზე კი 8.2 წამი მოუგო თანაგუნდელ ჯორჯ რასელს, რომელმაც, თავის მხრივ, საინსს უშუალოდ ტრასაზე ბრძოლისას აჯობა. ასე რომ, „მერსედესი“ პირველად ბრაზილიის შარშანდელი ეტაპის შემდეგ, სრული შემადგენლობით ავიდა პოდიუმზე. საინსმა მეორე პოზიციიდან სტარტის შემდეგ, მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბოლო წრეებზე რასელს უახლოვდებოდა სერხიო პერესი, რომელმაც ჩააგდო კვალიფიკაცია და მე-11 პოზიციიდან აიღო სტარტი. მაგრამ „რედ ბულის“ მექსიკელ პილოტს დრო არ ეყო პოდიუმისთვის საბრძოლველად. მათ შორის სხვაობამ 3.4 წამი შეადგინა.

საინტერესოა, რომ სეზონში მეორედ ყველა პილოტმა შეძლო ფინიშამდე მისვლა.

ჩემპიონატში ბრძოლა ორი კვირის შემდეგ კანადაში გაგრძელდება.

ესპანეთის გრანპრი

ბარსელონა. 66 წრე, 308.424 კმ

  1. მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 66 წრე
  2. ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +24.090
  3. ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +32.389
  4. სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – +35.812
  5. კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – +45.698
  6. ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – +63.320
  7. ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +64.127
  8. ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – +69.242
  9. გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – +71.878
  10. პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +73.530
  11. შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +74.419
  12. იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – +75.416
  13. ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – 1 წრე
  14. ნიკ დე ვრისი (AlphaTauri, ნიდერლანდები) – 1 წრე
  15. ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 1 წრე
  16. ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – 1 წრე
  17. ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – 1 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – 1 წრე
  19. ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – 1 წრე
  20. ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – 1 წრე

საერთო ჩათვლა

  1. მაქს ფერსტაპენი – 170 ქულა (5 მოგება)
  2. სერხიო პერესი – 117 (2)
  3. ფერნანდო ალონსო – 99
  4. ლუის ჰემილტონი – 87
  5. ჯორჯ რასელი – 65
  6. კარლოს საინსი – 58
  7. შარლ ლეკლერი – 42
  8. ლენს სტროლი – 35
  9. ესტებან ოკონი – 25
  10. პიერ გასლი – 15
  11. ლანდო ნორისი – 12
  12. ნიკო ჰიულკენბერგი – 6
  13. ოსკარ პიასტრი – 5
  14. ვალტერი ბოტასი – 4
  15. გუანიუი ჟოუ – 4
  16. იუკი ცუნოდა – 2
  17. კევინ მაგნუსენი – 2
  18. ალექს ალბონი – 1

კონსტრუქტორთა თასი

  1. რედ ბული – 287 ქულა
  2. მერსედესი – 152
  3. ასტონ მარტინი – 134
  4. ფერარი – 100
  5. ალპინი – 49
  6. მაკლარენი – 17
  7. ჰაასი – 8
  8. ალფა რომეო – 8
  9. ალფა ტაური – 2

10. უილიამსი – 1