ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრებში დაინიშნა #1TVSPORT
ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრებში დაინიშნა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ოფიციალური პრეზენტაცია 24 იანვარს გაიმართა, – იტყობინება გამოცემა SportoweFakty.

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ცეზარ კულეშამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სანტუშთან ერთად გადაღებული ფოტო და მას დაურთო წარწერა, რომ სამშაბათს ყველას პრესკონფერენციაზე ელოდება.

პოლონეთის ნაკრების კონტრაქტი პორტუგალიელთან ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე იქნება ძალაში. საკვალიფიკაციოს წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე.

68 წლის სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014-22 წლებში წვრთნიდა და გუნდმა მასთან ერთად ევრო 2016 და ერთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის გათამაშება მოიგო. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ის პოსტიდან დაითხოვეს. კატარში პორტუგალიის ნაკრებმა მეოთხედფინალი დათმო მაროკოს ნაკრებთან.