ფერნანდო ალონსო შეიძლება ფორმულა 1-ში დაბრუნდეს
ფერნანდო ალონსო შეიძლება ფორმულა 1-ში დაბრუნდეს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს, შესაძლოა, „დიდ ცირკში“ დაბრუნდეს. ესპანელის თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მას ექნება საშუალება რამდენიმე სარბოლო სერიაში მიიღოს მონაწილეობა.

ალონსო არ ყვება დეტალურად საკუთარ გეგმებზე, მაგრამ დაადასტურა, რომ ისევ გავა Indy 500-ის სტარტზე „მაკლარენთან“ ერთად, აგრეთვე, გააგრძელებს გამოსვლას WEC-ში „ტოიოტას“ საქარხნო გუნდის შემადგენლობაში.

„Indy 500-ის გარდა, კიდევ რამდენიმე გამოცდა მელოდება,“ – თქვა ფერნანდომ შანხაიში WEC-ის ექვსაათიანი რბოლის წინ. „მომდევნო წელს, მომიწევს ოდნავ ახალ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ 2020 წელს, რა თქმა უნდა, შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა – სრული სეზონი გავატარო IndyCar-ში ან დავბრუნდე ფორმულა 1-ში, რათა იქაც სრული ჩემპიონატი ჩავატარო. შესაძლოა, ამის შანსი სხვა სერიაში მქონდეს“.

ალონსოს არა ერთხელ უთქვამს, რომ სურს მოიპოვოს „სამმაგი გვირგვინი“, ანუ მოიგოს სამი ყველაზე პრესტიჟული რბოლა მსოფლიოს ავტოსპორტში – მას უკვე აქვს გამარჯვება მონაკოს გრანპრიზე და „ლე მანის 24 საათზე“, 2017 წელს კი ახლოს იყო Indy 500-ში გამარჯვებასთან, მაგრამ ტექნიკამ დააღალატა.