„ფერენცვაროშმა“ ხარაიშვილის ტრანსფერი დაადასტურა [ვიდეო]

გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი უწრაფესად განხორციელდა. ჯერ იყო შვედურ და უნგრულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ „გიოტებორგიდან“ საქართველოს ნაკრების 24 წლის ქართველი შემტევი „ფერენცვაროშში“ გადადიოდა. საბოლოოდ, ხარაიშვილის გადასვლაზე გავრცელებული ინფორმაციები კლუბმა დაადასტურა და ქართველი მოთამაშე წარადგინა.

„უნგრეთის 31-გზის ჩემპიონმა „ფერენცვაროშმა“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. გუნდი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით გაძლიერდა. შვედეთის თასის მფლობელი და ქვეყნის 18-გზის ჩემპიონი „გიოტებორგიდან“ 24 წლის გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ გადმოვიდა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე პოზიციაზე, მისი სიძლიერე და ეფექტურობა კარგად ჩანს იმ ფაქტით, რომ მან 18 წლის ასაკში სეზონში 21 გოლი გაიტანა, შვედეთში პირველ წელს 9 გოლი გაიტანა და საგოლე პასებითაც ასევე ძალიან პროდუქტიული იყო“, – წერს „ფერენცვაროშის“ ოფიციალური ვებგვერდი.

გუნდის წარდგენაში 24 წლის ქართველის წარმატებულ გამოსვლაზე სხვა საინტერესო ფაქტებიც მოძებნეს: „მიუხედავად მცირე ასაკისა, პროფესიონალებში პირველი მატჩი 2013 წელს ჩაატარა, ის ხუთი სეზონის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „საბურთალოში“, სადაც 112 მატჩში 55 გოლი გაიტანა. კარგი თამაშის წყალობით, ხარაიშვილით შვედეთის 18-გზის ჩემპიონი „გიოტებორგი“ დაინტერესდა. 2018 წელს იჯარით გადავიდა და 27 მატჩში გატანილმა 9 გოლმა შვედები დაარწმუნა, რომ მისი ტრანსფერი საბოლოოდ გამოესყიდათ. მეორე სეზონში ქართველი „გიოტებორგის“ შეუცვლელი მოთამაშე გახდა და 28 თამაშში ანგარიშზე 7 გოლი და 8 საგოლე პასი ჩაიწერა. 2019/20 წლების სეზონში გუნდთან ერთად მან შვედეთის თასზე გამარჯვება აღნიშნა. შემტევმა საქართველოს ეროვნულ გუნდშიც ითამაშა“.

გიორგი ხარაიშვილი 1996 წლის 29 ივლისს მარნეულში დაიბადა. ის „საბურთალოს“ აღზრდილია, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ასევე უთამაშია უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში. ბუდაპეშტის კლუბის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შვედეთის თასის 24 წლის გამარჯვებულ გიორგი ხარაიშვილთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მაგრამ კონტრაქტის ვადასა და შეთანხმების ღირებულებაზე არაფერი წერია.

ბუდაპეშტის „ფერენცვაროში “ უნგრეთის ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. გუნდში 2019 წლიდან საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამოდის.