„ფერარიმ“ ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო
„ფერარიმ“ ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო

„ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა გაუძლო „მერსედესის“ პილოტების ზემოქმედებას და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა იტალიის გრანპრიზე.

მონაკოელმა პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ ვერ შეძლო კონკურენტების ჩამოცილება და პირველი პიტსტოპის შემდეგ, ძლიერი პრესინგის ქვეშ მოექცა მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰემილტონის მხრიდან. 20 წრის განმავლობაში, ლეკლერი იგერიებდა იტალიის გრანპრის ხუთგზის გამარჯვებულის იერიშებს. ამას მოჰყვა ლუისის შეცდომა, რის შემდეგაც, „ფერარის“ წევრს უკვე ვალტერი ბოტასი ჩაუდგა კვალში. რამდენიმეჯერ ფინელი მოხვდა DRS-ის ზონაში, მაგრამ არცერთი შეტევა არ შეუსრულებია და მეორე ადგილზე დარჩა. ლეკლერმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და საშინაო ტრასაზე, 2010 წლის შემდეგ, „ფერარის“ პირველი გამარჯვება მოუტანა.

ბოტასმა მეორე ადგილი შეინარჩუნა. მესამე იყო ჰემილტონი, რომელმაც მეორე პიტსტოპის შემდეგ, წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და ერთი ბონუსქულა დაიმსახურა.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე სენსაციურად გავიდნენ „რენოს“ პილოტები – დანიელ რიკარდო და ნიკო ჰიულკენბერგი. ეს შესაძლებელი გახდა სებასტიან ფეტელის შეცდომის ხარჯზე, რომელიც მოსრიალებისა და ჯარიმის გამო, მხოლოდ მე-13 ადგილზე აღმოჩნდა. ასევე „რენოს“ დაეხმარა მაქს ფერსტაპენის „რედ ბულის“ ტექნიკური პრობლემები.

საერთო ჩათვლაში ისევ ლუის ჰემილტონი ლიდერობს – ის ბოტასს უსწრებს 63 ქულით. მესამეზეა ფერსტაპენი, მეოთხეზე გადავიდა ლეკლერი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა თანაგუნდელი ფეტელი. კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესსა“ და „ფერარის“ შორის 154 ქულაა.

შემდეგი ეტაპი – სინგაპურის გრანპრი ორ კვირაში, 22 სექტემბერს გაიმართება.