„ფერარიმ“ შარლ ლეკლერთან კონტრაქტის გაგრძელება  ოფიციალურად გამოაცხადა
„ფერარიმ“ შარლ ლეკლერთან კონტრაქტის გაგრძელება  ოფიციალურად გამოაცხადა

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააგრძელა.

„მოხარული ვარ, რომ ვრჩები „ფერარიში“. გასულ სეზონში ყველაზე სახელგანთქმულ გუნდში გამოსვლამ ჩემთვის 2019 წელი ოცნების წლად აქცია. მოუთმენლად ველოდები გუნდთან ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებას. საინტერესოა იმის გაგება, რა გველოდება მომავალში, ამიტომაც, მინდა მალე დაიწყოს ახალი სეზონი“, – განაცხადა ლეკლერმა.

მონაკოელი პილოტის წინა ხელშეკრულება 2022 წლის სეზონის ბოლომდე იყო გაფორმებული. იტალიური პრესის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად, ლეკლერი წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მის დღევანდელ შემოსავალს სამჯერ აღემატება.

„წლევანდელი სეზონის ყოველი რბოლის შემდეგ, შარლთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი სულ უფრო იზრდებოდა. შესანიშნავია, რომ ის ჩვენთან მინიმუმ ხუთი წელი იქნება. მას და „ფერარის“ დიდი მომავალი ელოდებათ“, – განაცხადა „ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ.

გასულ სეზონში, ლეკლერმა მოიგო ბელგიისა და იტალიის ეტაპები, კიდევ ექვსჯერ ავიდა პოდიუმზე, შვიდჯერ მოიპოვა პოული და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე გავიდა.