„ფერარიმ“ სეზონში პირველი რბოლა მოიგო
„ფერარიმ“ სეზონში პირველი რბოლა მოიგო

„ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა თავის პირველ გამარჯვებას მიაღწია ფორმულა 1-ში. მონაკოელმა დამაჯერებელ სტილში მოიგო „სპა ფრანკორშამის“ ტრასაზე ბელგიის გრანპრი.

ლეკლერმა პოულიდან აიღო სტარტი და შეინარჩუნა ლიდერობა პირველ მოსახვევში. უფრო გვიანი პიტსტოპის გამო, მან წინ გაუშვა თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი, რომელმაც საბურავები ექვსი წრით ადრე გამოცვალა. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წრეში, შარლმა გაბათილა სამწამიანი ჩამორჩენა და ისევ ჩაუდგა სათავეში პელოტონს მას შემდეგ, რა გუნდმა სთხოვა ფეტელს დაებრუნებინა თანაგუნდელისთვის პირველი პოზიცია.

საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფეტელმა ვერ გაუმაგრა ზურგი ლეკლერს და მეორე ადგილზე გაუშვა ლუის ჰემილტონი. მაგრამ, იმ მომენტისთვის მონაკოელი უკვე ექვსი წამით იყო წინ. ეს მარაგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფინიშზე პირველი მისულიყო – მან 0.981 წამი მოუგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს.

შარლისთვის ეს პირველი გამარჯვებაა კარიერაში. წელს ის ახლოს იყო წარმატებასთან ბაჰრეინსა და ავსტრიაში, მაგრამ ორივე შემთხვევაში რბოლის ბოლოს რაღაც ხელს უშლიდა.

სებასტიან ფეტელის მეორე პიტსტოპის შემდეგ, მესამე ადგილზე გადავიდა ვალტერი ბოტასი. გერმანელმა კი ახალი საბურავებით ვერ მოახერხა პირველ სამეულში დაბრუნება და მეოთხე ადგილზე დარჩა.

„რედ ბულის“ დებიუტანმა ალექს ელბონმა ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი და მეხუთე პოზიციამდე მიაღწია, მისმა თანაგუნდელმა მაქს ფერსტაპენმა კი პირველივე წრეზე დაამტვრია მანქანა.

საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონმა ოდნავ გაზარდა უპირატესობა და, ახლა, ვალტერი ბოტასს 65 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზეა ისევ ფერსტაპენია, შემდეგ მოდიან სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი. კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესი“ „ფერარის“ 145 ქულით უსწრებს.

შემდეგი ეტაპი – იტალიის გრანპრი 8 სექტემბერს გაიმართება.