ფერან ტორესი – პსჟ იდეალური კლუბია ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა, ფერან ტორესმა კომენტარი გაუკეთა თავის ტრანსფერს „ბარსელონადან“ პარიზულ კლუბში.
„ეს იდეალური კლუბია იმისთვის, რომ ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ლუის ენრიკე – ჩემი საფეხბურთო მამაა. ის ყოველთვის ძალიან მენდობოდა, როცა ნაკრებში ერთად ვმუშაობდით.
ის არის მწვრთნელი, რომელსაც მართლაც შეუძლია თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაცია. ჩვენ ერთად შევეცდებით ყველა ტიტულის მოგებას“, – მოჰყავს ტორესის სიტყვები ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ს.
ფერან ტორესმა „პარი სენ-ჟერმენთან“ 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანელი ახალ კლუბში მე-9 ნომრით ითამაშებს. პსჟ-მა მასში 50 მილიონი ევრო გადაიხადა.
ფორვარდმა „ბარსელონაში“ ხუთი სეზონი გაატარა. გასულ სეზონში მან ლა ლიგის 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.