ფეხბურთს არ სჭირდება რონალდო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე - კრიშტიანო რონალდოს კარიერის დასრულება ურჩიეს #1TVSPORT
„ჩელსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფორვარდს ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს მიაჩნია, რომ „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კარიერა უნდა დაასრულოს.
„ფეხბურთს არ სჭირდება რონალდო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. კრიშტიანო დიდი ხანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ერთ-ერთი უდიადესი ისტორიაში. ვფიქრობ, დღეს ის საკუთარ თავს ვნებს, როცა ნაკრებში აგრძელებს თამაშს – ეს მის მემკვიდრეობაზე ახდენს გავლენას.
თუ მკითხავთ, ვინ არის უკეთესი – მესი თუ რონალდო, ყოველთვის ვიტყვი, რომ რონალდო, რადგან მას ბევრის გაკეთება მოუწია, რათა ასეთი დონისთვის მიეღწია და ის მრავალი წელი შეენარჩუნებინა. ყველამ ვიცით, რომ არსებობს დრო, როცა მოდიხარ, და არსებობს დრო, როცა უნდა წახვიდე. მიმაჩნია, რომ ეს დრო დიდი ხანია მოვიდა და მან სხვა უნდა მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
არ მგონია, რომ ამ მომენტისთვის ის სხვებზე ძლიერია პორტუგალიის ნაკრებში. ზოგიერთ მატჩში საჭიროა პრესინგი, და ვფიქრობ, მას აღარ შეუძლია ამის კეთება. ამაში სასირცხვილო არაფერია. ის, რასაც 40 წლის ასაკში აკეთებს, თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა.
დგება დრო, როცა კარიერა უნდა დაასრულო. მგონია, რომ ეს დრო დადგება, როცა მესი დაასრულებს. როცა მესი კარიერას დაასრულებს, იგივეს გააკეთებს რონალდო“, – განაცხადა ჰასელბაინკმა.