ფეხბურთის განვითარების ფონდი - 96 საფეხბურთო სკოლა მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა
ფეხბურთის განვითარების ფონდი - 96 საფეხბურთო სკოლა მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბავშვთა ფეხბურთის და საფეხბურთო სკოლების განვითარებისათვის, 2018 წელს დაწყებული პროექტები გაგრძელდება.

„ამ პროექტებმა 2019 წელს უპრეცედენტო მასშტაბი შესძინა. შარშან დაფინანსდა 96 საფეხბურთო სკოლა, რომლებზეც ჯამურად 1,167,797 ლარი დაიხარჯა. სფფ-ს საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლიდან დაიწყო საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია (სულ ოთხი კატეგორია) და სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში ყველა სკოლა (115 საფეხბურთო სკოლა, მთელი საქართველოს მასშტაბით) წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციებს, რის შემდეგაც მონიტორინგის სამსახური საფეხბურთო სკოლებს მათი ინფრასტრუქტურის, სტრუქტურის, განვითარების პროგრამის, ასაკობრივი გუნდების, საჭირო პერსონალის და მათი კვალიფიკაციის დადასტურებით, სავარჯიშო გეგმა გრაფიკების და სხვადასხვა დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად აფასებდა საფეხბურთო სკოლებს. 2019 წელს I კატეგორიის (აკადემიის) სტატუსი ოთხ საფეხბურთო სკოლას მიენიჭა: თბილისის „დინამოს“, „საბურთალოს“, „ლოკომოტივისა“ და მარტვილის აკადემიები“, – წერია ფონდის წერილში.

წერილში მითითებულია, რომ ლიცენზირებული სკოლებს ფინანსურად დაეხმარებიან: „მათ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ყოველთვიურად 20.000 ლარით ხარჯვით ნაწილში დააფინანსებს, რაც 2019 წელს ექვს თვიან პერიოდზე შეადგენს 120.000 ლარს. აღნიშნული თანხა მიმართული უნდა იყოს ბავშვთა ეკიპირების, კვების, საჭირო ვიტამინების და მედიკამენტებისათვის, აკადემიის მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი თუ უცხოეთში საერთაშორისო ტურნირზე ტრანსპორტირებისათვის. მაგრამ თანხა ვერ იქნება მიმართული ხელფასებში, იჯარასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯში. დანარჩნი (111) სკოლებისათვის კატეგორიის მინიჭების პროცესი სექტემბერში დასრულდება”.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება იმ სკოლების დაფინანსება (2019 წელს ერთჯერადად), ვინც მიიღებს სფფ-ს კატეგორიას: „სკოლების მიერ მიღებული დაფინანსება მიმართული უნდა იყოს 2019 წელს მინიჭებული კატეგორიის გაუმჯობესებისთვის. პროცესის დასრულების შემდგომ წარმოგიდგენთ სკოლების სიას კატეგორიების მიხედვით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ბავშვთა სკოლებისა და აკადემიების მხარდაჭერის პროექტს მომავალშიც განაგრძობს“.

საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა 2018 წლიდან ამოქმედდა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგა: დასრულდა ლაგოდეხის, რუსთავისა და მარტვილის აკადემიების მშენებლობა.