ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო დეპარტამენტს ცნობილი თურქი არბიტრი ჯუნეთ ჩაქირი აღარ უხელმძღვანელებს – მას დავით ხარიტონაშვილი შეცვლის #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯუნეთ ჩაქირს დავით ხარიტონაშვილი ჩაანაცვლებს, – ეს თბილისში მიმდინარე მსაჯთა ზაფხულის შეკრებაზე გახდა ცნობილი.
ცნობილი თურქი არბიტრი სფფ-ის სამსაჯო დეპარტამენტს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მას დავით ხარიტონაშვილი შეცვლის, რომელიც ამ დრომდე ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეკრების დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა ჯუნეთ ჩაქირს სამი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და ქართული მსაჯობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ეროვნული ლიგა 7 აგვისტოს განახლდება. მანამდე კი მსაჯთა ტრადიციული შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. მონაწილეები ეცნობიან თამაშის წესებში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, განიხილავენ განსხვავებული ტიპის სათამაშო ეპიზოდებს და მონაწილეობენ VAR-ის სიმულაციებში.