ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი კახეთს
ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი კახეთს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს საფეხბურთო ინვენტარი გადაეცათ. აქციის ინიციატორი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყო.

მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და დელეგაციის მასპინძლები, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი საკობიანოს სტადიონსაც ესტუმრნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მონაწილეობით განახლდა.

საკობიანოს ბავშვთა გუნდის მთავარ მწვრთნელს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა და რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მიხარია, კახეთი ფეხბურთში რამდენად გააქტიურდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთში უკვე ორი სოფლის მოედანი განაახლა და რაც მთავარია, აქ უკვე ფუნქციონირებს სფფ-ის აკადემია, რომელიც არამარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი“, – ამბობს კახა ჭუმბურიძე.