ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში VAR-ის მსაჯთა სემინარი გაიმართა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში VAR-ის მსაჯთა სემინარი გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისათვის VAR-ის სემინარი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი კატეგორიის 34 არბიტრი, ასევე ფიფა-ს ხუთი ქალი მსაჯი და ეროვნული ლიგის მატჩებზე მომუშავე VAR ოპერატორები ესწრებოდნენ.

სემინარს ხელმძღვანელობდა ფიფა-ს VAR-ის პროექტის ლიდერი, ყოფილი მსაჯი მასიმილიანო ირატი, რომელმაც ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, ხოლო მთავარი თემებიდან ერთ-ერთი იყო ვიდეორეფერის გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადების საკითხი — პრაქტიკა, რომელიც ფიფა-ს ტურნირებში უკვე გამოიყენება და ეროვნული ჩემპიონატების ნაწილშიც დაინერგა.

მასიმილიანო ირატი, ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერი: „მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ეს სემინარი შესანიშნავი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. ჩვენ გვსურს, ქართველ მსაჯებს მივაწოდოთ გამოცდილება, რათა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტით ვიმუშაოთ.

მოხარული ვართ, რომ ფედერაცია ფიფასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ცდილობს, VAR-ის გამოყენებისას მაქსიმალური თანმიმდევრულობა უზრუნველყოს.

ქართველი მსაჯები სწორ გზაზე დგანან — ამის გარანტიაა მათი სამსაჯო კომიტეტი ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით. ის წარსულში ელიტური დონის მსაჯი იყო და დღესაც მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობს.

ქართველი მსაჯები ხელმძღვანელობენ ფიფა-სა და უეფა-ს უმაღლესი სტანდარტებით. მათთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ისინი მკაფიო ტექნიკური კონცეფციით მუშაობენ და მზად არიან, უმაღლეს დონეზე იმსაჯონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“.

გოგა კიკაჩეიშვილი, ფიფა-ს არბიტრი: „სემინარს უძღვებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო VAR ინსტრუქტორი — მასიმილიანო ირატი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოცხადება იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, ფიფა-ს თანამედროვე სტანდარტებს ფეხი აუწყოს“.

ელენე ელოშვილი, მსაჯი: „საქართველოში პირველად ტარდება მსგავსი შინაარსის სემინარი და ეს თითოეული მსაჯისთვის დიდი გამოცდილებაა. ჩვენთვის ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ვფიქრობ, VAR-ის გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადება გულშემატკივრებისთვის ბევრად გასაგებს გახდის, თუ რა ხდება მოედანზე“.