ფეხბურთის ფედერაციის მორიგი პროექტი – 15-წლამდე გოგონათა შორის ახალი ლიგა ყალიბდება #1TVSPORT
უახლოეს პერიოდში საქართველოში 15-წლამდე გოგონათა საფეხბურთო ლიგა დაიწყება, რომელიც 9×9-ზე ფორმატით ჩატარდება – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს. პროექტის ინიციატორი საქართელოს ფეხბურთის ფედერაციაა.
გავრცელებული ცნობით, თითოეული გუნდის განაცხადი 15 ფეხბურთელისგან უნდა შედგებოდეს, მათ შორის, ორი მეკარე უნდა იყოს. ფეხბურთელებს არ უნდა ჰქონდეთ ნათამაშები ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებში და უნდა იყვნენ 13-დან 15-წლამდე ასაკის. 15-წლამდე გოგონათა ლიგა სტარტს მიმდინარე წლის ივნისში აიღებს და ოქტომბერში დასრულდება.
ეს პროექტი ფეხბურთის განვითარებისა და მასობრიობის იმ მიმართულებაში ჯდება, რომელიც სფფ-მ 2015 წლიდან გამოაცხადა. მაშინ საქართველოში ფეხბურთის მასობრიობა მკვეთრად იყო შემცირებული – დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 12 ათასს აღწევდა.
ფედერაციამ მიზნად რაოდენობის 50 ათასამდე გაზრდა დაისახა და სხვადასხვა პროექტების (მოყვარულთა ლიგა, მასტერ ლიგა, ქალთა ლიგა, ფუტსალი, მინიფეხბურთი) განხორციელებით მიზანს ნაწილობრივ უკვე მიაღწია – პროფესიონალ და მოყვარულ ფეხბურთელთა ჩათვლით, საქართველოში 40 ათასზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული.