ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სართიჭალის ახალი სტადიონი დაათვალიერეს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სართიჭალის ახალი სტადიონი დაათვალიერეს #1TVSPORT

სოფელ სართიჭალაში ახალაშენებული სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დაათვალიერეს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უზრუნველყო მინდვრის საფუძვლის მოწყობა და საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში მოეწყო 530 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, საპარკინგე სივრცე და შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

სართიჭალაში, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და დასკვნით ფაზაშია. დასრულებულია მოედნის მშენებლობა და ახლა გასახდელების მოპირკეთება მიმდინარეობს. სტადიონით ეროვნულ ლიგა 2-ში გადასული სართიჭალის საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ და მისი საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელები ისარგებლებენ.

ვიზიტისას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს „შტურმის“ პირველი გუნდის ფეხბურთელები და აკადემიის აღსაზრდელები შეხვდნენ, რომელთაც ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა მიულოცა და ახალ სეზონში წარმატებები უსურვა. ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკადემიის აღსაზრდელების ვარჯიშს დაესწრნენ.