ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა - ლიცენზირება ქალთა საფეხბურთო კლუბებშიც დაინერგება
ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა - ლიცენზირება ქალთა საფეხბურთო კლუბებშიც დაინერგება

ქალთა ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ახალი ინიციატივა გააჟღერეს – ამიერიდან, მამაკაცთა გუნდების პარალელურად, ლიცენზირებას ქალთა საფეხბურთო კლუბებიც გაივლიან.

შეხვედრას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია და სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. კლუბების წარმომადგენლებს ლიცენზირების პროცესის სპეციფიკა და ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმები განემარტათ. პირველი სალიცენზიო პროცესი 2020/2021 უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის განხორციელდება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. როგორც იცით, 2020 წელს საქართველო 19 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ქალთა საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის მომავალი წლიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ლიცენზირების პროცესი ქალთა ფეხბურთის კლუბებისთვისაც დაიწყება და 2020 წლიდან ქალთა ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ შესაბამისი ლიცენზია სავალდებულო იქნება. შეხვედრაზე ქალთა ფეხბურთის კლუბების წარმომადგენლებს ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები გავაცანით. ქალთა ეროვნულ ლიგაში მონაწილეობისთვის კლუბებმა ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.