ფეხბურთის ფედერაციამ კოშკაძე დააჯილდოვა
ფეხბურთის ფედერაციამ კოშკაძე დააჯილდოვა

ალექსანდრე კოშკაძემ, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, გივი დიდავას გადაასწრო და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელს სამახსოვრო პრიზი გადასცა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, „სიონის“ 36 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში (რანგით უმაღლესი ლიგა) 442-ე მატჩი გამართა და ამ მაჩვენებლით გივი დიდავას რეკორდი გააუმჯობესა (441 მატჩი).

საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ფეხბურთელს სამახსოვრო პრიზი გადასცა, დღეს კი ის ფეხბურთის ფედერაციამაც დააჯილდოვა. კოშკაზემ დღესაც ითამაშა ქუთაისის „ტორპედოსთან“ და მის ანგარიშზე უკვე 443 შეხვედრაა.

კოშკაძის პროფესიული კარიერა 19 წლია გრძელდება: 1999 წელს მისი პირველი კლუბი თბილისის „მერანი-ოლიმპი“ იყო. მას შემდეგ 16 კლუბის ფორმა მოირგო, 2017 წლიდან კი „სიონში“ მესამედ ჩაირიცხა. კოშკაძე იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და მისი ფორმით სამჯერ ითამაშა.