ფეხბურთის ფედერაციამ ჯუნეტ ჩექირის დანიშვნა დაადასტურა - თურქი არბიტრი ქართველებს გადამზადებაში დაეხმარება #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციამ ჯუნეტ ჩექირის დანიშვნა დაადასტურა - თურქი არბიტრი ქართველებს გადამზადებაში დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ სამსაჯო განყოფილებას ფიფა-ს (2006-2022) და უეფა-ს (2010-2022) ყოფილი არბიტრი – ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს. გამოცდილი მსაჯი დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მიხეილ მაზიაშვილს, რომელიც ამ მიმართულებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

„აღსანიშნავია, რომ თურქი სპეციალისტი საქართველოში იცხოვრებს და ყველა იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომელიც სფფ-ის მსაჯთა მიმართულების განვითარებისთვის ხორციელდება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებიც დაინერგება. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე დააგროვა, დადებითად გამოადგება საქართველოში ამ მიმართულების განვითარებას.

14 აგვისტოდან ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, რომელსაც გაცნობითი ხასიათი ექნება.

როგორც იცით, გასული წლიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა დავნერგეთ. სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის ყველა მატჩი ვიდეორეფერის თანხლებით გაიმართება. აღნიშნულ შეკრებაზე ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კიდევ ერთ გადამზადებას ბატონ ჯუნეტთან ერთად გაივლიან და სიახლეებს გაეცნობიან“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.

მსაჯებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები.

ჯუნეტ ჩაქირიმ 2007 წელს საქართველოს თასის ფინალი განსაჯა. ეს იყო საქართველოს თასის ფინალების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრას უცხოელები გაუძღვნენ. ინიციატივა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელებს (პრეზიდენტი – დიმიტრი რამიშვილი, გენერალური მდივანი – პაატა ბურჯალიანი) ეკუთვნოდათ.

მაშინ ტურნირს ასე ეწოდებოდა – „საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის „ყაზბეგის“ გათამაშება“. ფინალი 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და თბილისის „ამერმა“ „ზესტაფონი“ დიმიტრი ტატანაშვილის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

ამ მატჩის დელეგატი, პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი საქართველოს პირველ არხთან იხსენებდა, რომ მაშინ ჯუნეტ ჩექირი 30 წლის გამოუცდელი არბიტრი იყო და პირველი ფინალი სწორედ საქართველოში იმსაჯა.