ფეხბურთის ფედერაციამ 30-ე ყრილობა გამართა - ორგანიზაციას ორი ახალი ასოცირებული წევრი ჰყავს
ფეხბურთის ფედერაციამ 30-ე ყრილობა გამართა - ორგანიზაციას ორი ახალი ასოცირებული წევრი ჰყავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 30-ე ყრილობა უჩვეულო გარემოში გამართა. მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის გამო, დამსწრეები სოციალური დისტანციას იცავდნენ, ხოლო ყრილობა ღია ამფითეატრში ჩატარდა.

შედეგად, დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, სფფ-ის ყრილობაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს ფიფას (FIFA) წევრი ევროპის ასოციაციების დირექტორმა, ნოდარ ახალკაცმა და უეფას (UEFA) ეროვნულ ასოციაციათა განვითარების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ კლიმენტმა. საფეხბურთო ფუნქციონერები ყრილობას ვიდეო-კონფერენციის საშუალებით დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

სპეციალური ვიდეო მიმართვები გაავრცელეს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოების მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს იმ წინსვლის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ბოლო წლების განმავლობაში აქვს და ქართულ ფეხბურთს წარმატება უსურვეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს მალე ესტუმრებიან.

სფფ-ის ყრილობაზე, კენჭი უყარეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გარიცხვას არაქმედითუნარიანობის გამო. დღესვე ასოცირებულ წევრად მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია. სფფ-ის ასოცირებული წევრი გახდა აგრეთვე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“. ორივე სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში ასოცირებული წევრობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.

ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.