ფეხბურთის ფედერაცია რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს
ფეხბურთის ფედერაცია რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი), კახა ჭუმბურიძე (სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი), ნიკა ჯღარკავა (ვიცე-პრეზიდენტი) და თანამშრომლები ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურს „უეფა“-ს (UEFA) მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ესტუმრნენ.

ღონისძება სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ნაწილი იყო და მათ ლიხაურის მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი სტადიონი მოაწესრიგეს. სფფ-ის წარმომადგენლებმა საფეხბურთო ინვენტარიც ჩაიტანეს და მოსახლეობას მაისურები და ბურთები გადასცეს, ხოლო ლიხაურის სამოყვარულო გუნდს – სათამაშო ფორმები.

„პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. დღის ბოლოს ლიხაურის სამოყვარულო გუნდსა და სფფ-ის გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის გუნდის შემადგენლობაში თანამშრომლებთან ერთად ლევან კობიაშვილმა, ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ითამაშეს“, – აცხადებენ სფფ-ში.

ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიხაურის განახლებულმა საფეხბურთო მოედანმა სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა. წვრთნებში, რომელსაც სფფ-ის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებულმა მწვრთნელებმა ჩაატარეს, 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

„მესამე წელია, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ და ლიხაურის სტადიონიც ამ პროექტის ფარგლებში აღვადგინეთ. სტადიონის ტერიტორია შემოიღობა და მოწესრიგდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და რაც მთავარია, ბავშვებს ფეხბურთში ჩართვის მეტ საშუალებას მისცემს. ლიხაურს ძალიან კარგი სამოყვარულო ფეხურთის გუნდი ჰყავს, რომელიც მოყვარულთა ლიგაში ასპარეზობს და ბუნებრივია, რომ გუნდი ამ სტადიონით ისარგებლებს. მასობრივი ფეხბურთი და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესის ხელშესაწყობად კი, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწყობას აუცილებლად გავაგრძელებთ. პირადად ჩემთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ნიკა ჯღარკავას თქმით კი, უკვე მესამე წელია, სოფელ ლიხაურის გუნდი მოყვარულთა ლიგაში თამაშობს.

„პროექტს სწორედ მათთვის და ამ რეგიონის ბავშვებისთვის ვახორციელებთ. რეაბილიტირებულ მოედანზე სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის პროექტის მორიგი ღონისძიება გაიმართება, ღონისძიებებში კი ბიჭები და გოგონები თანაბრად არიან ჩართულნი და მათ სფფ-ის მიერ სპეციალურად გადამზადებული მწვრთნელები ავარჯიშებენ“, – აღნიშნა ნიკა ჯღარკავამ.