ფეხბურთის ფედერაცია დიდ დიღომში სტადიონს აშენებს - ხელისუფლებას კი სკვერის მოწყობაზეც შეუთანხმდა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია დიდ დიღომში სტადიონს აშენებს - ხელისუფლებას კი სკვერის მოწყობაზეც შეუთანხმდა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ, დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ მშენებლობას. ძველი სტადიონის ადგილას იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა.

ტერიტორია ფედერაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2020 წელს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების მანძილზე არსებობდა საფეხბურთო სტადიონი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ფეხბურთი ეთამაშა და აქტიურად დაკავებულიყო სპორტით. დღესდღეობით კი ეს სტადიონი მიტოვებული და უფუნქციოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და ძველი, ფუნქციადაკარგული საფეხბურთო მოედნების ადგილას, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მოწყობა წარმოადგენს. ასე იყო ყველა იმ პროექტის, შემთხვევაში, რომელიც ფედერაციის მიერ განხორციელდა თბილისის თუ საქართველოს მასშტაბით.

მაგალითისთვის, გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე, ფოთში, ასევე ვაკეში, სადაც არაერთ ინვესტორს სურდა სტადიონის ადგილას კორპუსების აშენება, თუმცა მაინც შევძელით ბავშვებისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სტადიონის შენარჩუნება. ფედერაციის მიერ აშენებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კი უფასოდ შეუძლია ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს, ასევე მოყვარულთა და ქალთა გუნდებს. ასე იქნება დიდი დიღმის შემთხვევაშიც“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.

ამავე დროს მითითებულია, რომ სტადიონის აშენებას ბევრი ითხოვდა:

„დიდი დიღომის ამ ტერიტორიაზე თანამედროვე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის თხოვნით, უამრავმა ადამიანმა მოგვმართა. თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ ყველა ადამიანის აზრი გაგვეთვალისწინებინა.

არაერთი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ მიერ წარმოდგენილ საინიციატივო ჯგუფთან. ჩვენი მხრიდან, გავითვალისწინეთ ყველა მათი თხოვნა, მათ შორის, სტადიონის გამოყენების შესაძლებლობა.

ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შევთანხმდით, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაკეთებული უამრავი დათმობისა, სრულად უგულებელყოფილ იქნა ჩვენი შეთავაზებები და მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა სხვადასხვა არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება“.