ფეხბურთი | ზაფხულში „ბარსელონას“ პრიორიტეტი თავდამსხმელის შეძენა იქნება #1TVSPORT
„ბარსელონამ“ მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფინანსური სირთულეები კვლავ აქვს, კატალონიურ კლუბს ზაფხულში საკმაოდ აქტიური სატრანსფერო პერიოდი ელოდება.
კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ჰანსი ფლიკის გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე, მინიმუმ, ხუთ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს და მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად ცენტრალური თავდამსხმელი იქნება.
„ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, თუმცა მისი ტრანსფერი მარტივი არ იქნება. მადრიდის „ატლეტიკო“ არგენტინელ ფორვარდს დაახლოებით 150 მილიონ ევროდ აფასებს, გარდა ამისა, მის მიმართ სხვა კლუბებიც დიდ ინტერესს იჩენენ.
სპორტული დირექტორის, დეკუს სიაში სხვა თავდამსხმელებიც ფიგურირებენ. მათ შორის არის ომარ მარმუში, რომლის მიმართ ინტერესიც რეალურია. გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ მარმუშს დაახლოებით 60-70 მილიონ ევროდ აფასებს.
„ბარსელონა“ ასევე აქტიურად აკვირდება ვიქტორ ოსიმენის სიტუაციას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში „გალათასარაის“. 27 წლის თავდამსხმელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 90-100 მილიონი ევროა.