ფეხბურთი | ვინჩენცო მონტელა – საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერობაზე ვფიქრობთ #1TVSPORT

01:24, 15.10.2025

თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ეს გამარჯვება და განსაკუთრებით ჩემი გუნდის მონდომება მაბედნიერებს. მატჩი აქტიურად დავიწყეთ, აგრესიულად ვთამაშობდით და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების შანსს არ ვაძლევდით. მეორე ტაიმში ინტენსივობა შემცირდა, მეტი ენერგია და ზეწოლა გვმართებდა. შედეგი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდით, თუმცა საერთო ჯამში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ამ ეტაპზე ერთი ქულაც ფასობს, როცა ფლეი ოფისკენ მივდივართ. საქართველოსთან ორ მატჩში გატანილი გოლებით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული ბურთები მაინც მაწუხებს. ამ ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ მაღალი მიზნების მიღწევა შეგვიძლია.

ესპანეთში გამარჯვება და მუნდიალზე გასვლა – სწორედ ესაა ის, რაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერობაზე ვფიქრობთ“, – აღნიშნა მონტელამ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო E ჯგუფში 4 ტურის შემდეგ ესპანეთს 12 ქულა აქვს, ხოლო მეორეადგილოსან თურქეთს – 9.

მსგავსი