ფეხბურთი | ვილი სანიოლი - ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან გამართული მატჩი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა.
„ანგარიში ბევრ რამეს ნათლად აჩვენებს. პირველ რიგში, დაცვაში გვაქვს სერიოზული პრობლემები და ამ მხრივ მუშაობა გვჭირდება. მიუხედავად ამისა, წინა მატჩებთან შედარებით გარკვეული პროგრესიც ვნახე და შეტევაშიც შევქმენით მომენტები.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ და კარგი განწყობა ჰქონდათ. როცა ასეთი დონის გუნდს უპირისპირდები, უკანა ხაზში მაქსიმალური სიზუსტე აუცილებელია.
რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო, განსაკუთრებით, დაცვაში. არ ვფიქრობ, რომ ჩემი წასვლა ამ პრობლემებს სწრაფად მოაგვარებს. ყოველთვის პირდაპირ ვამბობ იმას, რაც პრობლემად მეჩვენება. რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით.
ცოტა ხნის წინ ილია ბერიაშვილს ვესაუბრე და ბულგარეთთან თამაშისთვის ის ეროვნულ გუნდს შეუერთდება“, – აღნიშნა სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.