ფეხბურთი | ვაშინგტონში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდება #1TVSPORT
5 დეკემბერს ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ფეხბურთში ფიფა-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
2026 წლის მუნდიალზე ისტორიაში ყველაზე მეტი ნაკრები იასპარეზებს – 48. ამ მომენტისთვის მსოფლიო პირველობის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო დარჩენილი ექვსი საგზურისთვის ბრძოლა 2026 წლის მარტში გაგრძელდება.
მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველი შეხვედრის ერთი მონაწილე მექსიკის ეროვნული გუნდი იქნება. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.
ფიფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წილისყრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დაესწრებიან.
მექსიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ისტორიაში მესამედ ჩატარდება. 1970 წელს გამართული ტურნირი ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო, რომლის ლიდერიც ლეგენდარული პელე იყო, ხოლო 1986 წელს მექსიკაში გამარჯვება არგენტინამ დიეგო მარადონას ლიდერობით იზეიმა.
აშშ-ის ტერიტორიაზე მუნდიალის მატჩები მეორედ გაიმართება – 1994 წელს ამ ქვეყანაში ჩემპიონი ბრაზილია გახდა. რაც შეეხება კანადას, მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს.

წილისყრის ფორმატი:
48 მონაწილე გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდა, თითოეულში 12 გუნდით, ფიფა-ს რეიტინგის 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით.
პირველი კალათა – ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, აშშ, მექსიკა, კანადა
მეორე კალათა – ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია
მესამე კალათა – ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დივუარი, უზბეკეთი (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა
მეოთხე კალათა – იორდანია (დებიუტანტი), კაბო ვერდე (დებიუტანტი), განა, კურასაო (დებიუტანტი), ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის პლეი ოფი 1, ევროპის პლეი ოფი 2, ევროპის პლეი ოფი 3, ევროპის პლეი ოფი 4, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 1, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 2
წილისყრის შედეგად ჩამოყალიბდება 12 ჯგუფში თითოეულში ოთხი გუნდით (A-დან L-ის ჩათვლით). ყოველი კალათიდან ყოველ ჯგუფში ერთი გუნდი მოხვდება. პლეი ოფში ტიტულისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს, ასევე საუკეთესო შედეგის მქონე რვა მესამეადგილოსანი. 1/32-ფინალიდან შეჯიბრებაზე ოლიმპიური სისტემა ამოქმედდება.
წილისყრის მსვლელობისას ფიფა ორი ძირითადი პრინციპით იმოქმედებს – ერთ ჯგუფში არ შეიძლება მოხვდეს ერთი კონფედერაციის (კონტინენტის) ერთზე მეტი წარმომადგენელი. გამონაკლისია ევროპა, რადგან აღნიშნული კონტინენტიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 16 გუნდი ითამაშებს და დასაშვებია, მაქსიმუმ, ორი ნაკრები ერთ ჯგუფში;
მეორე წესის მიხედვით, რეიტინგის ლიდერები (ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი) ისე გადანაწილდნენ ბადეში, რომ ერთმანეთს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან, თუ თავიანთ ჯგუფებს მოიგებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ოფიციალური ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.