გლდანის საფეხბურთო კომპლექსმა „ვახოს თასის“ მეხუთე გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირი გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნას მიეძღვნა.
მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 80-მდე გუნდი იბრძოდა. ჩარკვიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელების – ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ანრი მექვაბიშვილის, ირაკლი აზაროვის, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი გაგუას თანაგუნდელი იყო.
„ვახო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო“, – აღნიშნავს მისი მეგობარი და თანაგუნდელი, ხვიჩა კვარაცხელია.
ჩარკვიანი ვარჯიშობდა „საბურთალოს“, ფეხბურთის ფედერაციისა და „დინამო თბილისის“ აკადემიებში, რეგულარულად იძახებდნენ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. 20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. იმავე წლის 15 ოქტომბერს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, საქმეზე გამოძიება დაიწყო.