ფეხბურთი | „უოტფორდის“ მწვრთნელი - გიორგი ჩაკვეტაძეს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ეტაპობრივად შედის ფორმაში, თუმცა სასურველ კონდიციამდე მისასვლელად დრო სჭირდება, – ამის შესახებ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ განაცხადა.
გასულ კვირას „რექსჰემთან“ შეხვედრაში გრასიამ ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და ის მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე. ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოახლოებულ შეხვედრაში „სტოკ სიტისთან“.
„გასულ კვირას ჩაკვეტაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვება ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა დრო სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს და მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ეს კარგად გვესმის, მის კლასში ეჭვი არ გვეპარება და დარწმუნებული ვარ, მომავალ მატჩებში გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ჩემი აზრით, გიორგისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ფლანგია. გადაწყვეტილება, თუ სად ითამაშებს ესა თუ ის ფეხბურთელი, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ აისახება – ის მთლიანად თერთმეტეულზე მოქმედებს. შემადგენლობის შერჩევისას აუცილებელია ბალანსის დაცვა და არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, არამედ ყველა მოთამაშის მახასიათებლების გათვალისწინება“, – განაცხადა „უოტფორდის“ მწვრთნელმა.