ფეხბურთი | „უნიონ ბერლინმა“ მარი-ლუიზ ეტა ივნისამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა #1TVSPORT
გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა, „უნიონ ბერლინმა“ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 34 წლის მარი-ლუიზ ეტა მამაკაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე დანიშნა.
ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გერმანიის უმაღლესი ლიგის, ბუნდესლიგის მამაკაცთა გუნდს გაუძღვება.
კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი შტეფენ ბაუმგარტი და მისი ასისტენტები აუტსაიდერ „ჰაიდენჰაიმთან“ 1:3 განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამჟამად „უნიონ ბერლინი“ გერმანიის ბუნდესლიგაში 32 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას 7 ქულით აღემატება.
მარი-ლუიზ ეტა 2023 წელს გახდა პირველი ქალი ასისტენტი მწვრთნელი ბუნდესლიგისა და ევროპის ტოპ-5 ლიგების ისტორიაში. 2024 წელს კი მას უკვე მოუწია გუნდის დროებით გაძღოლა (გამარჯვებაც მოიპოვა), როდესაც მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ეტა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო – ის თამაშობდა „ტურბინე პოტსდამში“, „ჰამბურგში“, „კლოპენბურგსა“ და „ვერდერში“. მან ფეხბურთელის კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო.