ფეხბურთი | უკრაინული მედია - „შახტარის“ მწვრთნელი მზადაა, ირაკლი აზაროვი სხვა გუნდში გაუშვას #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი არდა თურანი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შვიდ ფეხბურთელს შეელიოს, მათ შორის ირაკლი აზაროვსაც, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა sport.ua ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბმა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ საკადრო ცვლილებები დაგეგმა და შესაძლოა, იმ ფეხბურთელებს დაემშვიდობოს, რომლებიც მცირე სათამაშო დროს იღებენ. აღნიშნულ სიაში ფიგურირებს საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი, რომელსაც მიმდინარე სეზონში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
ზამთრის შესვენებამდე „შახტარი“ უკრაინის პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა. არდა თურანის გუნდმა ასევე წარმატებით გადალახა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი. გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკური კლუბის დატოვებას უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი იეფიმ კონოპლიაც განიხილავს.