ფეხბურთი | თურქული კლუბი „გალათასარაი“ ლიონელ მესის იჯარის წესით დამატებაზე მუშაობს #1TVSPORT
ფეხბურთი | თურქული კლუბი „გალათასარაი“ ლიონელ მესის იჯარის წესით დამატებაზე მუშაობს #1TVSPORT

თურქული „გალათასარაი“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ აქტიურად ემზადება და მზად არის, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებისთვის, ლიონელ მესის დამატებისთვის, – ინფორმაციას გამოცემა FotoMac-ი ავრცელებს.

აშშ-ს საფეხბურთო ლიგის, MLS-ის რეგულარული სეზონი ოქტომბერში დასრულდა, ხოლო პლეი ოფი დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ „ინტერ მაიამი“ ფინალამდე მიაღწევს, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ბოლო შეხვედრას 6 დეკემბერს ჩაატარებს. ამის შემდეგ „ინტერ მაიამის“ ოფიციალური მატჩები მხოლოდ 2026 წლის მარტში განახლდება.

წყაროს ცნობით, სწორედ ამ ოთხთვიანი პაუზის გამოყენებას აპირებენ სტამბოლის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელები. ზაფხულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ მესი, შესაძლოა, სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად დროებით რომელიმე ევროპულ კლუბს შეუერთდეს.

MLS-ის ისტორიაში მსგავსი რამ რამდენჯერმე მოხდა. სხვადასვა დროს ამერიკული კლუბებიდან ევროპაში იჯარის წესით დევიდ ბექჰემს („მილანი“), ტიერი ანრის („არსენალი“), რობი კინს („ასტონ ვილა) და ლენდონ დონოვანს („ევერტონი“, „ბაიერნი“) უთამაშიათ.

ამჟამად „ინტერ მაიამი“ MLS-ის პლეი ოფის პირველი ეტაპის სერიას ატარებს. „ნეშვილთან“ მერვედფინალური სერიის ორი მატჩის შემდეგ ანგარიში არის 1:1. გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელი ვარსკვლავის გუნდს 9 ნოემბერს ელის.

ამ დროისთვის მესის „გალათასარაიში“ იჯარის წესით გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.