ფეხბურთი | თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ პრეზიდენტს შეხვდა - ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს #1TVSPORT
ფეხბურთი | თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ პრეზიდენტს შეხვდა - ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს #1TVSPORT

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტს, კირიაკოს პრასტიტისს შეხვდა, თუმცა მისი შესაძლო გადადგომის საკითხი არ განხილულა, – ინფორმაციას გამოცემა Sigmalive-ი ავრცელებს.

„„ანორთოსისის“ ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო მას შემდეგ, რაც გუნდი ცუდი შედეგების გამო გასავარდნთა ზონაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტის, მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა იყო.

შეხვედრაზე არსებული ვითარება განიხილეს, რადგან პრობლემა სერიოზულია და გუნდს მდგომარეობის გამოსწორება ამ ეტაპზე არ გამოსდის. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს – კერძოდ, მთავარი მწვრთნელის შეცვლის კუთხით.

კლუბის ყურადღება ამჟამად „ეთნიკოსთან“ 11 იანვარს დანიშნული მატჩისკენ იქნება მიპყრობილი. შექმნილ ვითარებაში ბევრი რამ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ხოლო თემურ ქეცბაიას გუნდის გარშემო არსებული ნეგატიური ფონის შეცვლა მოუწევს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.