ფეხბურთი | თბილისს უეფა-ს საკლუბო ტურნირების ხელმძღვანელები ესტუმრნენ და სემინარი გამართეს #1TVSPORT

09:30, 16.04.2026

„მნიშვნელოვანია, რომ კლუბები განვითარდნენ და ფინანსურად სტაბილურები გახდნენ. გვინდა, რომ მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა UEFA GROW-ის სემინარის შემდეგ განაცხადა, რომელიც საკლუბო ფეხბურთის განვითარებას მიეძღვნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას განაგრძობს. სფფ-ის ინიციატივით, თბილისში უეფა-ს საკლუბო ტურნირების ხელმძღვანელი ტობიას ჰედსტაკი და საკლუბო ტურნირების მართვის დეპარტამენტის თავკაცი ტომას ბარლოუ მოიწვიეს.

შეხვედრის მთავარი თემა ქართული კლუბების ევროტურნირებში ასპარეზობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები იყო, რასაც უეფა-ს საკლუბო ტურნირები (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა) სთავაზობს.

„მნიშვნელოვანი სემინარი გაიმართა, რომელშიც ეროვნული ლიგის ათივე კლუბის წარმომადგენელი და უეფა-დან საგანგებოდ მოწვეული ევროტურნირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ბოლო წლები საკლუბო დონეზე ძალიან წარუმატებელი გვქონდა, რაც რეიტინგზეც აისახა და ის ადგილი, სადაც ახლა ვართ, არანაირად მისაღები არ არის.

ევროტურნირზე თითოეული ქართული კლუბის მონაწილეობა ქართულ ფეხბურთზე და კლუბების შემოსავლებზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, რომ განვითარდნენ და ფინანსურად სტაბილურები გახდნენ. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ კლუბებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც კლუბებზეა დამოკიდებული – რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს. მათი თითოეული თამაში მხოლოდ კლუბს არ ეხება, შედეგები უეფა-ს რეიტინგში მთლიანად ქართულ ფეხბურთზე აისახება“.

მსგავსი