ფეხბურთი | თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT
ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული გუნდი თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგა 2-დან გავარდა, რის შემდეგაც კლუბში საკადრო ცვლილებები დაიწყო.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „ლოკომოტივი“ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი გეგუჩაძემ, რომელიც გუნდს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა.
თბილისურ კლუბს ასევე დაემშვიდობა ლაშა მენთეშაშვილი – ფეხბურთელი, რომელიც 15 წლიდან „ლოკომოტივის“ აკადემიაში ირიცხებოდა და რვა წლის განმავლობაში იცავდა გუნდის ღირსებას. მან „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
უკვე ცნობილია, რომ „ლოკომოტივს“ ლუკა კეკელიძეც დატოვებს. 22 წლის ფეხბურთელი 12 წლიდან კლუბის აკადემიაში იზრდებოდა და „ლოკომოტივის“ ღირსებას ათი წლის განმავლობაში იცავდა, გასულ სეზონში კი გუნდს კაპიტნის სამკლაურით უძღვებოდა. კარიერას კეკელიძე ეროვნული ლიგის კლუბ „გაგრაში“ გააგრძელებს.
გუნდს დატოვებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი დავით ბუკიაც, რომლის მიმართ ინტერესს, ეროვნული ლიგის გარდა, ესპანური კლუბებიც იჩენენ. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი კარიერას პირინეის ნახევარკუნძულზე გააგრძელებს.