ფეხბურთი | სერჟ გნაბრიმ „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ სერჟ გნაბრისთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაახანგრძლივა, მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს.
განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, გერმანელი შემტევი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო წლებშიც „ბაიერნში“ ვითამაშებ. როცა კლუბს შევუერთდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქ ათ წელს გავატარებდი. ჩემი სურვილია, ეს გზა გავაგრძელო, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“, – განაცხადა გნაბრიმ.
სერჟ გნაბრი მიუნხენურ გრანდს 2018 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 309 შეხვედრაში 100 გოლის გატანა შეძლო. 2020 წელს გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.