ფეხბურთი | სასამართლომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ნეგრეირას საქმეზე“ გამოკითხა #1TVSPORT
ფეხბურთი | სასამართლომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ნეგრეირას საქმეზე“ გამოკითხა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მოწმის სტატუსით სასამართლოში ჩვენება მისცა „ნეგრეირას საქმეზე“.

ლაპორტა დაახლოებით ერთი საათი პასუხობდა შეკითხვებს. ამავე დღეს მოისმინეს სხვა მოწმეების ჩვენებები – კატალონელთა ყოფილი მწვრთნელების, ლუის ენრიკესი და ერნესტო ვალვერდესი. კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელებმა ჟოზეპ ბარტომეუმ, სანდრო როსელიმ, ოსკარ გრაუმ და ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ვაჟმა ჩვენებები მისცეს გამოძიების ფარგლებში.

გაზეთი Mundo Deportivo წერს, რომ ლაპორტამ ორივე მხარის ყველა შეკითხვას უპასუხა, საკუთარი პოზიცია „დამაჯერებელი არგუმენტებით“ ახსნა. „ბარსელონას“ პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ კატალონური კლუბი მხოლოდ ტექნიკური ანგარიშებისთვის იხდიდა ფულს.

ლაპორტამ სასამართლოზე განაცხადა, რომ არასოდეს უნახავს და შეხვედრია არც ნეგრეირას და არც მის ვაჟს. „ბარსელონას“ პრეზიდენტის თქმით, ანგარიშების არსებობის შესახებ 2003 წელს შეიტყო და ისინი სასარგებლოდ მიიჩნია.

ლაპორტას სიტყვებით, მას შეატყობინეს, რომ ანგარიშები, რომელიც მან დაახასიათა, როგორც „ძალიან დეტალური“, მომზადებული იყო ყოფილი არბიტრის ვაჟის მიერ, ამასთან მაშინ მისთვის არ დაუზუსტებიათ, რომ ეს ადამიანი იყო მსაჯების ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

ლაპორტას ინფორმაციით, ანგარიშები შემთხვევით იპოვნეს კარადაში. ისინი მოიცავდნენ 2014-18 წლების პერიოდს, მაგრამ წინა სეზონების ჩანაწერები არ ყოფილა, რადგან, მისი სიტყვებით, საკლუბო დოკუმენტაცია ყოველ ხუთ წელიწადში ნადგურდება.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ბარსელონას“ არასოდეს უცდია ტურნირებზე შედეგებით მანიპულირება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს „ბარსელონას“ და მის ხელმძღვანელობას ბრალი წაუყენეს მექრთამეობაში. კერძოდ, სასამართლომ დანაშაულად მიიჩნია 2001-18 წლების პერიოდში „ბარსელონას“ მიერ მსაჯების ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლისთვის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის 7.7 მილიონი ევროს გადახდა.