ფეხბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრების შესაძლო ტრანსფერები - გოცირიძე „დილაში“, ნადარეიშვილი სლოვაკეთში #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი წევრი, შესაძლოა, 2026 წლის დასაწყისიდან ახალ კლუბში ვიხილოთ – ამჟამად ორივე „გაგრის“ ფეხბურთელია. თავდამსხმელი დავით გოცირიძე გორის „დილას“ შეუთანხმდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი შეტევის ხაზს გაიძლიერებს.
გოცირიძე „დინამო თბილისის“ და „იბერიის“ აკადემიებში იზრდებოდა, უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. საინტერესოა, რომ 15-წლამდელთა ნაკრებში ის მეკარის პოზიციაზეც გამოიყვანეს, თუმცა „იბერიის“ აკადემიაში გადასვლის შემდეგ ამპლუა შეიცვალა და თავდასხმაში თამაში დაიწყო.
რაც შეეხება ნახევარმცველ გია ნადარეიშვილს, მის მიმართ ინტერესს სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის „ტრენჩინი“ იჩენს. 20 წლის ფეხბურთელმა კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო, „გაგრის“ ღირსებას კი 2024 წლიდან იცავს.
დავით გოცირიძე 2025 წლიდან ახალი ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ამ პერიოდის განმავლობაში 8 მატჩი ჩაატარა. გია ნადარეიშვილსაც რამაზ სვანაძე იმავე პერიოდიდან იწვევს, თუმცა მას ჯერ ახალგაზრდული ნაკრების მაისურით არ უთამაშია.