ფეხბურთი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება - ტრავმის გამო გუნდს ირაკლი ეგოიანი გამოაკლდა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება - ტრავმის გამო გუნდს ირაკლი ეგოიანი გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ათენშია და საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება – შეხვედრა „პანათინაიკოსის“ სტადიონზე 14 ნოემბერს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უმცროსი „ჯვაროსნები“ თბილისში დაბრუნდებიან და გერმანიასთან მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც 18 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტაიონზე 21:00 საათზე გაიმართება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ახალგაზრდული ნაკრებს ტრავმის გამო ნიდერლანდებში მოთამაშე „ექსელსიორის“ ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი გამოაკლდა.

სამი ტურის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით მესამე ადგილზეა, საბერძნეთი კი 9 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.

მომავალ მატჩებთან დაკავშრებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ნიკოლოზ დადიანმა და საბა ხარებაშვილმა ისაუბრეს:

ნიკოლოზ დადიანი: „ვემზადებით საბერძნეთთან მნიშვნელოვანი თამაშისთვის. თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან გვიწევს თამაში, მაგრამ, ამასთანავე, ეს დამატებითი მუხტიც არის, რომ საკუთარი თავი და ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ.

გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. იმედი გვაქვს, რომ ნაყოფიერი შეკრება გამოვა, საბერძნეთთან წარმატებას მივაღწევთ და შემდეგ უკვე გერმანიასთან მატჩისთვის მოვემზადებით.

საბა ხარებაშვილი: „ვემზადებით მომავალი თამაშებისთვის და გათვითცნობიერებული გვაქვს მათი მნიშვნელობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს შეკრება ნაყოფიერი და წარმატებული იყოს. ჯგუფის ლიდერებს ვეთამაშებით, რაც დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები გამოვაჩინოთ“.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლაცაბიძე, საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია (სამივე – „დინამო თბილისი“), ოთარ ჩოჩია („გაგრა“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გიორგი ხარებავა („კოლხეთი“ ფოთი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), ლუკა წულუკიძე გურამ ჯაფარიძე (ორივე – „დინამო“ ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა“), ლუკა პარკაძე („აუსტრია“ ზალცბურგი, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე“ ტყიბული).