ფეხბურთი სახლში ინგლისის ქალთა ნაკრებმა დააბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ქალთა ევრო 2022-ის ფინალი გაიმართა, რომელშიც ინგლისმა დამატებით დროში 2:1 დაამარცხა გერმანია.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ინგლისელთა მხრიდან ანგარიში ელა ტუნმა („მანჩესტერ იუნაიტედი“) გახსნა, მე-80 წუთზე კი ლინა მაგულმა („ბაიერნი“) გაათანაბრა.

დამატებით დროში 110-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კლოი კელიმ („მანჩესტერ სიტი“) გამარჯვების გოლი გაიტანა.

ტურნირის საუკეთესი ფეხბურთელი ინგლისელი ბეტ მიდი გახდა. მანვე მიიღო „ოქროს ბუცი“ – ექვსი გოლით ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ინგლისი მესამედ თამაშობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი. გერმანიისთვის ეს იყო მეცხრე ფინალი და პირველი წაგება გადამწყვეტ მატჩში.

ინგლისელთა დამრიგებელმა სარინა ვიგმანმა ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი – 2017 წელს მან ჩემპიონობამდე მიიყვანა ნიდერლანდები.

ფინალში ერთი უნიკალური რეკორდი დამყარდა. თამაშს „უემბლიზე“ 87 192 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა გუნდებისთვის.