ფეხბურთი | საბა გოგლიჩიძის დამატებით „ტორინო“ დაინტერესდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „უდინეზეს“ მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატება იტალიის სერია A-ს „ტორინოს“ სურს – ინფორმაციას Torinogranata ავრცელებს.
„„ტორინომ“ ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან ოთხი წააგო, რაც ტურინული გუნდის დაცვის ხაზის არადამაჯერებელ თამაშზე მიუთითებს. მიმდინარე სეზონში გუნდმა 28 გოლი გაუშვა, მათგან 16 – საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში, რაც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერებაა, სპორტული დირექტორის, ჯან-ლუკა პეტრაჩის სატრანსფერო სიის სათავეში „ნაპოლის“ მოთამაშე ლუკა მარიანუჩია.
პეტრაჩი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორისაა 2004 წელს დაბადებული ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ამჟამად „უდინეზეშია“, მაგრამ სათამაშოდ დიდი დრო არ ეძლევა და, შესაძლოა, ახალი შეთავაზება მისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს“, – წერს იტალიური გამოცემა.