ფეხბურთი | საბა გოგლიჩიძე ახლოს არის, იჯარის წესით „უოტფორდში“ გადავიდეს #1TVSPORT
ფეხბურთი | საბა გოგლიჩიძე ახლოს არის, იჯარის წესით „უოტფორდში“ გადავიდეს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ახლოს არის, იჯარის წესით ინგლისურ „უოტფორდს“ შეუერთდეს, – ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „უოტფორდი“ დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება და 21 წლის ქართველ მცველს ექვსთვიანი იჯარით დაიმატებს.

საბა გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა მიმდინარე სეზონში მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა და კლუბი მზად იყო, მასთან დაკავშირებით ყველა სატრანსფერო წინადადებისთვის მოესმინა.

„უოტფორდში“ ირიცხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – გიორგი ჩაკვეტაძე. გუნდი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მერვე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.