ფეხბურთი | რუსთავში „სპორტინგის“ საერთაშორისო კემპი გაიმართება #1TVSPORT
ფეხბურთი | რუსთავში „სპორტინგის“ საერთაშორისო კემპი გაიმართება #1TVSPORT

საქართველოში ლისაბონის „სპორტინგის“ საერთაშორისო კემპი გაიმართება – 3-7 ივნისს საზაფხულო ბანაკი საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ორგანიზებითა და „რუსთაველი ჯგუფის“ მხარდაჭერით ჩატარდება.

„საზაფხულო კემპი საფეხბურთო კლუბ „რუსთავისა“ და „რუსთაველი ჯგუფის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი საქართველოში, კერძოდ, რუსთავში, „სპორტინგის“ აკადემიის შექმნა და ევროპული საფეხბურთო სტანდარტების დანერგვაა“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საზაფხულო ბანაკს „სპორტინგის“ აკადემიის მწვრთნელები უხელმძღვანელებენ, ვარჯიშები „სპორტინგის“ საკლუბო მეთოდოლოგიით წარიმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში – კლუბმა აღზარდა კრიშტიანო რონალდო, ლუიშ ფიგუ, ნანი და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

კემპი განკუთვნილია 6-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგოებისთვის. ბავშვებს სრული სავარჯიშო ეკიპირება გადაეცემათ. კემპის დასრულების შემდეგ კი „რუსთავისა“ და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ორი გამორჩეული მოთამაშე პორტუგალიაში, „სპორტინგის“ აკადემიის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება.