ფეხბურთი | რობერტო დე ძერბი, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, თუ გუნდი პრემიერლიგას არ დატოვებს #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბი მზად არის, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, – ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. „ტოტენჰემს“ 31 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატება.
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კლუბის ხელმძღვანელები მომავალზე ფიქრობენ და რობერტო დე ძერბის დაუკავშირდნენ, რომელმაც „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 თებერვალს დატოვა.
„ტოტენჰემი“ ასევე მუშაობს ახალი სპორტული დირექტორის მიწვევაზეც. ამჟამად გამოიკვეთა სებასტიან კელის კანდიდატურა, რომელიც „დორტმუნდში“ მუშაობდა და 22 მარტს კლუბს დაემშვიდობა.
რაც შეეხება რობერტო დე ძერბის, მას ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – 46 წლის იტალიელი 2022-დან 2024 წლის ჩათვლით „ბრაიტონს“ ავარჯიშებდა.
ამ ეტაპზე „ტოტენჰემს“ ხორვატი იგორ ტუდორი წვრთნის, რომელსაც კონტრაქტი ივნისში ეწურება.