ფეხბურთი | რამაზ სვანაძე - მალტასთან ბევრად აგრესიულად და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტასთან გასამართ საშინაო მატჩზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
რამაზ სვანაძის გუნდი მალტის 21-წლამდელთა ნაკრებს 31 მარტს ქუთაისში, „რამაზ შენგელიას არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„უპირველესად ველოდები, რომ მალტასთან გუნდი ბევრად აგრესიულად და კონცენტრირებულად ითამაშებს, ხოლო ლატვიასთან მატჩში გამოვლენილი ხარვეზები აღარ განმეორდება. ასევე ველოდები იმ პოზიტივის გაგრძელებას, რაც ლატვიასთან მეორე ტაიმში, გაშვებული გოლის შემდეგ ვაჩვენეთ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად რთულია 10 ფეხბურთელით თამაში და შედეგის შენარჩუნება. აქ თამაშის ხარისხსაც ვგულისხმობ, რადგან მიუხედავად ამისა, დომინაციას მაინც ვაგრძელებდით.
ლატვიის ნაკრებთან დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მატჩის შემდეგ დიდი ყურადღება დავუთმეთ ძალების აღდგენას და იმ ხარვეზებზე მუშაობას, რომლებიც დამაგვირგვინებელ ფაზაში გამოვლინდა. იმედია, ეს ყველაფერი გამოსწორდება.
სამწუხაროდ, დანაკლისს ისევ ვერ ავცდით – ტრავმის გამო ბუკია დაგვაკლდება, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო – გვასალია და ტაბატაძე. თუმცა შანსს შეკრებაზე გამოძახებული სხვა ფეხბურთელები მიიღებენ“, – აცხადებს სვანაძე.