ფეხბურთი | რაფინია „ოქროს ბურთზე“ - მე ის დავიმსახურე, სამეულში იამალსა და პედრის დავაყენებდი #1TVSPORT
ფეხბურთი | რაფინია „ოქროს ბურთზე“ - მე ის დავიმსახურე, სამეულში იამალსა და პედრის დავაყენებდი #1TVSPORT

„ბარსელონას“ გარემარბმა, რაფინიამ ინტერვიუში აზრი გამოთქვა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ შედეგებზე. ჟურნალ France Football-ის გამოკითხვის შედეგად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეხუთე ადგილი დაიკავა, „ოქროს ბურთი“ კი უსმან დემბელემ მოიპოვა.

თქვენი სეზონი დაუჯერებელია – ეს არ განიხილება. მაგრამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში საუკეთესო სამეულშიც ვერ მოხვდით. რამდენად ძლიერი დარტყმა იყო ეს თქვენთვის?

– განაწყენებული ვიყავი. მეტს ველოდი. მეგონა, რომ, მინიმუმ, ტოპსამეულში მოვხვდებოდი. ვიცოდი, რომ მოგება ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ბევრია დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგაში წარმატებაზე. ამიტომაც განაწყენებული ვიყავი იმ ადგილით, რომელიც დავიკავე.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს უკავშირდება ბევრ რამეს, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩატარებული სეზონით და ვერანაირი ინდივიდუალური ჯილდო ვერ გადაფარავს იმას, რასაც გასულ სეზონში მივაღწიე.

– არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, როგორი იქნებოდა თქვენი TOP-3 „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში? ალბათ საკუთარ თავს პირველ ადგილზე დააყენებდით…

– პირადად მე საკუთარ თავს პირველ ადგილზე ვხედავ.

– პირველზე?

– მე დავაყენებდი ჩემს თავს პირველ ადგილზე! ჩემი აზრით, ინდივიდუალური ჯილდო არ უნდა ენიჭებოდეს ერთი ტურნირის შედეგების საფუძველზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დავიმსახურე პირველი ადგილი იმის მიხედვით, რასაც სეზონის მსვლელობისას მივაღწიე, იმ ტიტულების გამო, რომლებიც მოვიგე, იმ მაჩვენებლების გამო, რომლებსაც მივაღწიე. ვფიქრობ, ვიმსახურებდი მოგებას.

რადგან ეს ჯილდო ენიჭება პრაქტიკულად ერთი ტურნირის საფუძველზე, დემბელემ დაიმსახურა მოგება, მით უმეტეს, რომ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. იამალმაც ასევე შესანიშნავი სეზონი ითამაშა. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ პრიზის გადაცემის კრიტერიუმი იქნება მთელი სეზონი, ვფიქრობ, მე დავიმსახურე ჯილდო.

– რაც შეეხება რაფინიას ტოპსამეულს… ვინ იქნებოდა მეორე და მესამე?

– ჩემს გუნდს დავუჭერ მხარს. ავირჩევდი ლამინს და პედრის.

– მესამე პედრი? ე.ი. დემბელე მეოთხეა?

– კარგი, იყოს მეოთხე. საკმაოდ სამართლიანია, – განაცხადა რაფინიამ.