ფეხბურთი | ქართველები იტალიაში – კვერნაძის „ფროზინონე“ აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „პესკარას“ უმასპინძლა და იტალიის სერია B-ს აუტსაიდერთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა – 2:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა. „პესკარა“ ანტონიო დი ნარდოს დუბლით დაწინაურდა. 82-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს – სხვაობა ჯაკომო კალოს მიერ გატანილი პენალტით შეამცირეს, ხოლო ანტონიო რაიმონდომ (90+4) მეორე გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.
დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზემ“ „კატანძაროსთან“ უხვგოლიან დაპირისპირებაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 3:3. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
იტალიის სერია B-ში გამართული 28 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 55 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა, მაგრამ ლიდერებს, „ვენეციასა“ (60) და „მონცას“ (60) კიდევ უფრო ჩამორჩა, ხოლო „კარარეზე“ (28) მე-11 პოზიციაზეა.