ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენს“ აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან #1TVSPORT
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა, პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმიმ სერიოზული დაზიანება მიიღო.
დღეს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაროკოელმა მცველმა მარცხენა კოჭი დაიზიანა – მას ლუის დიასი შეეჯახა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. წინასწარი შეფასებით, ჰაკიმი ფეხბურთს დაახლოებით 6-8 კვირით ჩამოშორდება.
27 წლის განაპირა მცველმა უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. მიუხედავად ტრავმის სიმძიმისა, ის იმედოვნებს, რომ შეძლებს აფრიკის თასზე მონაწილეობას, რომელიც მის სამშობლოში დეკემბრის ბოლოს დაიწყება.
„ბაიერნთან“ შეხვედრის დროს მუხლი დაიზიანა ნუნუ მენდეშმაც. პარიზელთა პორტუგალიელი მცველი, პირველი ინფორმაციით, მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენს“ შემდეგი მატჩი „ტოტენჰემთან“ ელის.